Story

საქართველო მზად არის ახალი ინვესტიციებისთვის

იანვარი 30, 2022

საქართველოს მოკლედ ხშირად ასე ახასიათებენ - ვენახები, ულამაზესი ეკლესიები და თვალწარმტაცი მთები. თუმცა, ტურისტებს ქვეყანა განსაკუთრებით მაინც სტუმართმოყვარე ხალხით იზიდავს. ღვინის სამშობლოდ ცნობილი ქვეყნის ზღაპრული სტუმართმოყვარეობა შესაძლოა საქართველოს ეკონომიკური ზრდის სტრატეგიის განვითარებაში და მეტი უცხოელი ინვესტორის მოზიდვაშიც დაეხმაროს. ეს კი პანდემიის შემდგომ ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.

უცხოური ინვესტიციების მოზიდვა საქართველოს მსგავს ქვეყნებს საშუალებას აძლევს გავიდნენ გლობალურ ბაზრებზე, შექმნან სამუშაო ადგილები, გაზარდონ ექსპორტი და წაახალისონ ახალი ტექნოლოგიებისა და ბიზნეს პრაქტიკის დანერგვა. 2017 წლიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. უფრო მეტიც, COVID-19-ის პანდემიის გამო, სხვა ქვეყნების მსგავსად 2020 წელს, ინვესტიციები წინა წელთან შედარებით თითქმის განახევრდა. ახლა, პანდემიის შედეგების ფონზე, ინვესტიციების ნაკადის აღდგენა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ამის საპასუხოდ, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მხარდაჭერით  საინვესტიციო ხელშეწყობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. IFC-ის საკონსულტაციო პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობასთან ამ მიმართულებით მუშაობს, შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნოსთან SECO-სთან პარტნიორობით ხორციელდება.

„ინვესტიციების მოზიდვის სამოქმედო გეგმა მოიცავს მიზანმიმართულ რეფორმებს, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყნის სტრატეგია ინვესტორების მოთხოვნებს უკეთ მოერგოს. სწორედ ეს ექსპორტზე ორიენტირებული ინვესტიციები არის ეკონომიკური ზრდის  მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა,“ განაცხადა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტემ.

პირველმა შედეგებმაც არ დააყოვნა. უმსხვილესმა ბიზნეს სერვისების კომპანიამ Concentrix-მა საქართველოში შემოსვლის შესახებ განაცხადა. ამ კომპანიის შესვლას ქვეყანაში წამყვანი ბრენდების მხრიდან მნიშვნელოვანი ბიზნეს აქტივობა მოჰყვება ხოლმე. ამის შედეგად ქვეყანაში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას ელოდებიან. Concentrix-ის შემოსვლა საქართველოში ბოლო ხანს წარმოებული საქმიანობის ერთ-ერთი პირველი და თვალსაჩინო შედეგია. იმედოვნებენ, რომ მას ბევრი სხვა შედეგიც მოჰყვება მომავალში.

Concentrix-ის ადგილობრივმა დირექტორმა პაველ პულამ განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა კომპანიამ საქართველოში ოფისის გახსნა: „ვეძებდით ქვეყანას, რომელსაც სტრატეგიული ადგილმდებარეობა ექნებოდა ჩვენი კლიენტებისთვის. ვეძებდით ადგილს, სადაც უცხო ენაზე მოსაუბრე, ნიჭიერი, და განათლებული კადრებით მიგვიზიდავდა. საქართველოს მთავრობასთან საუბრის შემდეგ, მალევე დავინახეთ ქვეყანაში არსებული პოტენციალი - 1.5 მილიონი მუშახელი, მოქნილი ბიზნესი, კარგად განვითარებული კავშირგაბმულობის ქსელები, და სწრაფად მზარდი მომსახურების სექტორი. საქართველომ ყველა ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა. იმედი გვაქვს, რომ Concentrix-ის გუნდს მალე შემოუერთდებიან ნიჭიერი თანამშრომლები საქართველოდან.”

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის, მიხეილ ხიდურელის განცხადებით,

საერთაშორისო კომპანიების მოზიდვა ქართულ ბაზარზე სააგენტოს სტრატეგიის ქვაკუთხედია და IFC-ის როლი ამ საქმეში მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, „ბოლო ორ წელიწადში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, IFC-ის მხარდაჭერით, მიზანმიმართული და დინამიური მიდგომა დავნერგეთ. ახლა უკვე ვხედავთ ამ საქმიანობის შედეგებს, მათ შორისაა ისეთი ცნობილი კომპანიის შემოსვლა ქვეყანაში, როგორიც Concentrix-ია.“


თორნიკე ზირაქიშვილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” დირექტორის მოადგილე, და პაველ პულა, Concentrix-ის დირექტორი საქართველოში, Concentrix-ის საქართველოში შესვლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე. ფოტოგრაფი: ირაკლი ჭელიძე

გეგმის მიღებას აქტიური სამუშაოები უძღოდა წინ. IFC-მ შეიმუშავა 40-მდე სექტორის კვლევის მეთოდოლოგია, რომლის შედეგადაც აქცენტი გაკეთდა პრიორიტეტულ სექტორებზე, მათ შორის ისეთებზე, როგორიცაა ტურიზმი, ტურისტული ინფრასტრუქტურა, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი (BPO), ელექტრონული აღჭურვილობის კომპონენტები, ავტომობილების და ავიაციის სფეროს კომპონენტები. გარდა ამისა, IFC-მ განიხილა ქვეყნის შიდა შესაძლებლობები და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან ერთად შეაფასა პოტენციური საინვესტიციო სცენარები.

2020 წელს, IFC-მ კვლევის შედეგები განაახლა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული საკითხების გათვალისწინებით. შესაბამისად, კიდევ უფრო გაიზარდა  სამედიცინო სფეროში მოღვაწე კვლევითი ორგანიზაციების, აგრობიზნესისა და თურქეთის საავტომობილო წარმოების ჯაჭვთან ინტეგრირებისთვის ავტონაწილების წარმოების მნიშვნელობა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, BPO-ს, როგორც პრიორიტეტის მნიშვნელობა.

მიუხედავად იმისა, რომ IFC-ის  პროგრამის საბოლოო შედეგების შეფასება ჯერ ნაადრევია, 2021 წლის მონაცემებით, IFC-ის  მხარდაჭერით შემუშავებულ და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ განხორციელებულ პროგრამას უკვე მოჰყვა 30-მდე ინვესტორის დაინტერესება მიზნობრივ სექტორებში. მათგან სამი ამჟამად გადაწყვეტილების მიღების ბოლო ეტაპზეა.

ინვესტორების მხარდაჭერა

IFC განაგრძობს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ინვესტიციების მოზიდვის, ინვესტორების შემდგომი მხარდაჭერის და რეინვესტირების საკითხებში. სწორედ ინვესტორების შემდგომი მხარდაჭერა ეხმარება უცხოელ ინვესტორებს ახალ ეკონომიკურ გარემოსთან ადაპტაციაში. ეს მექანიზმი მსოფლიო მასშტაბით გამოიყენება სამუშაო ადგილების შესაქმნელად და რეინვესტირების წასახალისებლად, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში.

სწორედ ამ საქმიანობის შედეგად, ერთ-ერთმა უმსხვილესმა BPO კომპანიამ Majorel-მა გადაწყვიტა გაეხსნა რიგით მეოთხე და მეხუთე ოფისები ბათუმსა და თბილისში. გარდა ამისა, დასაქმების კუთხით ერთ-ერთმა უმსხვილესმა ინვესტორმა „აჭარა ტექსტილმა“  რუსთავში კიდევ ერთი საწარმო გახსნა და დამატებით 2,500-დან 3,000-მდე სამუშაო ადგილი შექმნა. BPO-სა და ტანსაცმლის სექტორებში რეინვესტირების გადაწყვეტილების ხელშეწყობასთან ერთად, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ასევე მუშაობს შოკოლადის შვეიცარულ მწარმოებელთან Camille Bloch-თან საქართველოში თხილის მოყვანასა და გადამუშავებაში ინვესტირების ხელშეწყობის მიზნით.

სააგენტომ, IFC-ის მხარდაჭერით, შეადგინა სამიზნე კომპანიების ბაზა, რომელშიც 750-მდე კომპანიაა. აღნიშნული ბაზა  სააგენტოს ახალი პოტენციური ინვესტორებისა და პროექტების მოძიებაში ეხმარება.

პანდემიის დროს ბიოფარმაცევტულ სექტორში ინვესტიციების ზრდასთან ერთად, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების შესახებ კონფერენციის (UNCTAD) 2020 წლის მსოფლიოს საინვესტიციო  ანგარიშში აღნიშნულია, რომ ფარმაცევტული ინვესტიციები 2019 წელს გაორმაგდა წინა წელთან შედარებით. ეს წამყვანი ფარმაცევტული და ბიოფარმაცევტული ინვესტორების მოზიდვას შეუწყობს ხელს. ამ კონტექსტში, საქართველოს წვდომამ ევროკავშირისა და ჩინეთის ბაზრებთან შესაძლოა მნიშვნელოვანი შესაძლებლობები შექმნას ამ მიმართულებით.

ამასობაში Concentrix-მა უკვე დაიწყო საქართველოში თანამშრომლების აყვანის პროცესი, რაც დასაქმების  შესაძლებლობებს ქმნის იმ საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებსაც საერთაშორისო კომპანიაში მუშაობა სურთ.

ინვესტიციების მოზიდვის ახალი სამოქმედო გეგმა ქვეყანას ეტაპობრივად უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარება. ამიტომაც ახლა საქართველო მისთვის ჩვეული კეთილგანწყობილი მასპინძლის როლის შესასრულებლად აქტიურად ემზადება.

გამოქვეყნდა 2022 წლის იანვარში